„გარდიანის“ ინფორმაციით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით, კორონავირუსმა ყველაზე მეტად ევროპა დააზარალა
კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით, მსოფლიოში ყველაზე მეტად ევროპა დაზარალდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 900 ათასს გადააჭარბა. ევროპის 52 ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 900 185-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირებულთა ოდენობას, ევროპაში აღრიცხულია 40 მილიონზე მეტი შემთხვევა.
მეორე ადგილზე ლათინური ამერიკა და კარიბის აუზის ქვეყნებია, სადაც საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი 721 581-ს შეადგენს. კანადასა და აშშ-ში მსხვერპლის ოდენობა 558 110 -ია, აზიაში კი 263 250 ადამიანია დაღუპული.
ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა გაერთიანებული სამეფოა, სადაც 4,26 მილიონი ინფიცირებულიდან, ვირუსს 125 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა იტალია 102.5 ათასი გარდაცვლილით. მას რუსეთი მოსდევს – 4.4 მილიონი ინფიცირებულითა და 92 937 დაღუპულით, მეოთხე ადგილზე საფრანგეთია – 4 მილიონი დადასტურებული შემთხვევითა და 90 ათასზე მეტი დაღუპულით, მეხუთე ადგილს კი გერმანია იკავებს -2.5 მილიონი ინფიცირებულითა და 73 ათასი გარდაცვლილით.