„გარდიანის“ ცნობით, ირანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს
ირანის ახალმა რეფორმისტულმა მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა, რომ სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიდ აბას არაღჩიმ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და რუსეთი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთ-ირანის საზღვარზე სახმელეთო დერეფნის შესახებ, რაც, თეირანის აზრით, შეზღუდავს მის წვდომას ევროპასა და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან.
„რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ არის მხოლოდ პრეფერენცია, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საყრდენია. ნებისმიერი საფრთხე ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისადმი ან საზღვრების შეცვლის მცდელობა სრულიად მიუღებელია და ირანისთვის წითელი ხაზია“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელში.
„გარდიანი“ წერს, რომ ეს განცხადება, შესაძლოა, მიუთითებდეს ირანის ახლად არჩეული მთავრობის მზადყოფნაზე, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი და ირანი აპირებენ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას, თუმცა მისი შინაარსი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ირანის მთავრობაში არსებობს გარკვეული დაძაბულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიპლომატიური საფასურის გადახდა შეიძლება მოუწიოს თეირანს რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაღრმავების სანაცვლოდ.
ამასთან, ირანმა ამ კვირას საგარეო უწყებაში დაიბარა რუსეთის ელჩი ალექსეი დედოვი, რათა მოსკოვის პოზიციის გამო უკმაყოფილება გამოეხატა. ირანში აცხადებენ, რომ არ სურთ მოსკოვის წახალისებით საზღვრებზე კონფლიქტი გაჩნდეს.
„გარდიანის“ ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები ნათელი მინიშნებაა, რომ თეირანი უკმაყოფილოა მოსკოვის გადაწყვეტილებით, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის მოწოდებას, სომხეთის გავლით ნახიჭევანის ექსკლავთან დასაკავშირებლად დერეფნის გახსნის შესახებ. „გარდიანის“ მიხედვით, ირანი ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა აზერბაიჯანისა და თურქეთის მცდელობებს, გაეხსნათ ე.წ. ზანგეზურის დერეფანი საკუთრივ აზერბაიჯანსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რადგანაც ამ დერეფანმა, რომელიც სომხეთის უკიდურეს სამხრეთ პროვინციაში გაივლის, შესაძლოა, შეაფერხოს ირანის წვდომა სომხეთთან და შემდეგ – ევროპასთანაც.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ირანსა და რუსეთს შორის დავის განახლების მიზეზი გახდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მხარს უჭერს დერეფანს, რომლის გახსნასაც საბოტაჟს სომხეთი უწევს.