„გარდიანი“ - შვედეთის მთავრობა ქუჩაში მოწყალების თხოვნის აკრძალვას გეგმავს, მოწყვლად ჯგუფებში შემავალ ადამიანებს შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევთ
შვედეთის ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც მხარს უჭერენ უკიდურესად მემარჯვენე „შვედეთის დემოკრატები“, გამოაცხადა ცხრათვიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით ქუჩაში მოწყალების თხოვნა უნდა აიკრძალოს.
ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.
ახალი რეგულაცია იმ შემთხვევაში ამოქმედება, თუ 9-თვიანი საცდელი ეტაპი აჩვენებს, რომ მსგავსი აკრძალვის შემოღება არის შესაძლებელი.
ახალ რეგულაციაზე საუბრისას „შვედეთის დემოკრატების“ ლიდერმა, ლინდა ლინდბერგმა გააკრიტიკა ადამიანები, რომლებიც, მისი თქმით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან შვედეთში ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად ჩადიან.
შვედეთის მთავრობის მიერ ინიციირებული რეგულაციის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, შესაბამისი ნებართვის აღება მოუწევს, რომელიც 250 შვედური კრონა ეღირება. იმ პირებს, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ, ჯარიმის სახით 4000 კრონის გადახდა მოუწევთ.
შვედეთის მთავრობის ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის ქრისტიანულ სოციალური ორგანიზაცია, რომელიც შვედეთის დედაქალაქში მოწყვლად ჯგუფებში შემავალ ადამიანებთან მუშაობს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ფანი სილტბერგმა განაცხადა, რომ დახმარების თხოვნის აკრძალვით, შვედეთის მთავრობა, სინამდვილეში, „სიღარიბის კანონით აკრძალვას ცდილობს“.
მისივე თქმით, მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია სიღარიბის სტრუქტურული შემცირებითა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლით, რაც მოიცავს მოწყვლად ჯგუფებში შემავალი ადამიანების სამუშაო ადგილებითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფით.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „სივილ რაით დიფენდერი“ კი შვედეთის ხელისუფლებას სასამართლოში დავით ემუქრება.