„გარდიანი“ - კენიაში საქართველოს მოქალაქე „ბიომეკობრეობაში“ დაადანაშაულეს
ბრიტანული „გარდიანი“ წერს, რომ კენიაში ბაობაბები იაფად შეიძინეს და საქართველოში აგზავნიან.
როგორც „გარდიანის“ სტატიაშია აღნიშნული, ამის გამო კომპანიას, რომელსაც საქართველოს მოქალაქე გიორგი გვასალია ხელმძღვანელობს, „ბიომეკობრეობაში“ სდებენ ბრალს.
სტატიის თანახმად, გვასალიას კომპანიამ ბაობაბებზე დაკვირვება კენიაში 2019 წლიდან დაიყო. თითოეული ხის სანაცვლოდ კომპანია ფერმერებს 100-300 ათას კენიურ შილინგს სთავაზობდა, რაც 820-2,5 ათასი დოლარის ეკვივალენტია.
როგორც „გარდიანი“ იუწყება, კომპანიამ მოახერხა სულ მცირე რვა ბაობაბის ყიდვა.
სპეციალისტები ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში აცხადებენ, რომ ბაობაბების ექსპორტი უარყოფითად აისახება კენიის ეკოლოგიაზე, რომლიც ისედაც ებრძვის გვალვას და ცდილობს, აღადგინოს ტყის მასივი.
თავად გვასალია „გარდიანთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბაობაბებზე დაკვირვება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიტყო, რომ ადგილობრივები თავად ჭრიან ამ ხეებს, რომ მიწათმოქმედებისთვის ადგილი გამოათავისუფლონ.
მისივე თქმით, ბაობაბების ვაჭრობის პრაქტიკა არსებობს ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაშიც. გვასალიას განცხადებით, ის ნაყიდი ბაობაბების საქართველოს ბოტანიკურ ბაღებში გადარგვას აპირებს.
გასულ თვეს კენიის გარემოს დაცვის სააგენტომ და სატყეო სამსახურმა კონტრაქტორებს პროკურატურაში უჩივლეს. საჩივარში ნათქვამი იყო, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზეგავლენის შეფასება და ხეების გადაზიდვის ნებართვა.
მოგვიანებით, კომპანიამ ყველა ეს დოკუმენტები მიიღო. ახლა მომჩივანი მხარე აცხადებს, რომ უძლურები არიან, რადგანაც, გაყიდული ბაობაბები კერძო მიწის ნაკვეთზე იზრდებოდა.
„გარდიანი“ ასევე აღნიშნავს, რომ ბაობაბების გადატანა იოლი არ არის და ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ახლა ხეები გიგანტური მეტალის კონტეინერებშია მოთავსებული და ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ, რაც გამოცემის შეფასებით, „მილიონობით დოლარი დაჯდება“.