„გარდიანი“ - ევროპელი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მწვავე საკითხი არის სიღარიბე და არა არალეგალური მიგრაცია
ბრიტანული გამოცემა ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელი ამომრჩევლებისთვის არალეგალური მიგრაცია პრიორიტეტული საკითხი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა მედიასა და ულტრამემარჯვენე პარტიების საარჩევნო კამპანიაში დომინირებდა.
ევრობარომეტრის კვლევის თანახმად, ევროპელი ამომრჩევლებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და საცხოვრებელი ხარჯების ზრდით გამოწვეული კრიზისია.
ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ასევე პრორიტეტული საკითხებია ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები, თავდაცვა და უსაფრთხოება.
ამავე კვლევის მიხედვით, იტალიაში, სადაც გასულ წელს არალეგალი მიგრანტების ნაკადი მნიშვნელოვანდ იყო გაზრდილი, ამომრჩევლებისთვის მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილები და ეკონომიკის მხარდაჭერა იყო. ანალოგიური მოსაზრება აქვთ უნგრელ, პორტუგალიელ, რუმინელ და სლოვაკ ამომრჩევლებს.
ამასთან, როგორც „გარდიანი“ წერს, შვედეთი ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ამომრჩევლებს სურთ, პოლიტიკოსებმა საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად კლიმატის ცვლილებები აქციონ.
კითხვაზე, რომელი საკითხები უნდა იყოს შემდეგი მოწვევის ევროპარლამენტისთვის პრიორიტეტული, ევროპელი ამომრჩეველი ასახელებს მშვიდობასა და დემოკრატიას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვას, გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას.
ამავე კვლევის მიხედვით, ევროპელი ამომრჩევლების 60%-ი უარყოფითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებას. გამოკითხვაში მონაწილე ევროპელების 83%-ი უარყოფითად აფასებს რუსეთს, მაგრამ ამასთან ერთად, 10%-დან 12%-მდე გაზრდილია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც რუსეთს დადებითად აღიქვამს.