„გარდიანი“ - დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, დათანხმდეს უკრაინას, რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტები გამოიყენოს
დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დათანხმდეს ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის გამოყენებაზე. ამის შესახებ „გარდიანი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც წყაროები ამბობენ, ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, საჯაროდ არ გამოაცხადებს.
ბრიტანული მხარე რუსეთზე დარტყმებისთვის შორი მანძილის რაკეტების გამოყენების შესახებ საჯარო განცხადებას ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნევს.
„საკმაოდ სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გამოყენებას გარკვეული შეზღუდვებით, რათა თავიდან აიცილოს დაუფიქრებელი ან არასაჭირო თავდასხმები“, – წერს „გარდიანი“.
ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა ისიც, რომ ასეთი გადაწყვეტილების გარეშე არ შედგებოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი ვიზიტი კიევში.