72 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და პუბლიცისტი თემურ ჩალაბაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
თემურ ჩალაბაშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში უფროს რედაქტორად, ასევე გამომცემლობა „მერანის“ განყოფილების ხელმძღვანელად.
გამოცემული აქვს ოთხი კრებული: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“, „დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები“.
თემურ ჩალაბაშვილს ორი დღის წინ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლიტერატურული პრემია „მუზა“ გადაეცა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს: გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია; ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია; ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია.
2018 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.