გარდაიცვალა ოპერატორი იგორ ნაგორნი
გარდაიცვალა ოპერატორი იგორ ნაგორნი

87 წლის ასაკში გარდაიცვალა ოპერატორი იგორ ნაგორნი, რომელიც 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში და ათწლეულების განმავლობაში საქართველოს ტელევიზიის მთავარი კინოოპერატორი იყო.

ცნობილი ხელოვანის სახელს უკავშირდება საქართველოს ტელევიზიის მიერ გადაღებული ფილმები: „დედის ხელი“ (1957); სსრკ ხალხთა სპარტაკიადა (1958); „სოფლის ცხენოსნების შეჯიბრი“ (1958), „სოფელი ბახვი“ (1959), „მეგობრობის ალბომი“ (1959), „მათი ბედნიერება“ (1959), „ბაკურიანი, სპარტაკიადა“ (1962), „ანკესი და სეინერი“ (1962), „ფოტონოველა“ (1961), „ომარ ჯოხაძე“ (1963)”, „გია მიდის ყამირზე“ (1963), „მისი დღე“ (1964), „მიხვედრილი კაცი“ (1964), „სულერთია დაგეწევი“ (1964), „პეტრე ამირანაშვილი“ (1965), „მე თვითონ“ (1965), „გრიბოედოვის თეატრი“ (1955), „რუსთაველის თეატრი“ (1965), „რთველი“ (1966), „გაიცანით ქართული ჩაი“ (1966), „ქართული ჭიდაობა“ (1967), „ჭადრაკის დედოფალი“ (1968), „ჟან ვილარი თბილისში“ (1967), „მიხაი ზიჩი“ (1968), „მოქანდაკე კანდელაკი“ (1968), „მოქანდაკე ამაშუკელი“ (1970), „შეხვედრამდე“ (1970), „ცეკვის ჯადოქარი“ (1971), „შეხვედრა ლადო გუდიაშვილთან“ (1976), „ქართველ კინომოღვაწეთა შემოქმედებითი პორტრეტები“ (1980), „მომღერალთა ოჯახი“ (1981).

იგორ ნაგორნი საქართველოს ტელევიზიის არაერთი გადაცემის დამდგმელი ოპერატორი იყო. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ტელევიზიის თეატრალურ გადაცემათა რედაქციის პროგრამები და ცნობილი ქართული სპექტაკლების ჩანაწერები.

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი 1999 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რამდენიმე ფესტივალის ლაურეატი.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის ღვაწლმოსილი ოპერატორის, იგორ ნაგორნის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

იგორ ნაგორნის გამოსვენება ხუთშაბათს, 25 ივნისს, 15:00 საათზე საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ არსებული წმინდა მიხეილის სახელობის ტაძრიდან მოხდება.