92 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გივი მარგველაშვილის მამა ტიტე მარგველაშვილი გერმანიაში წავიდა და ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. გივი მარგველაშვილიც გერმანიაში დაიბადა. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში, სადაც ახლდა თავისი ვაჟი, გივი მარგველაშვილი. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის „გასაბჭოებულ“ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში თავის ნათესავებთან ეცხოვრა.
თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა გერმანული ენის მასწავლებლად, ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში გივი მარგველაშვილი წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა არცერთი მისი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.
მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად მიეცა საშუალება, პირველად 40-ზე მეტი წლის შემდეგ, კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
1991—1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, „კაპიტანი ვაკუშის“ ორი ტომი (პირველი ტომი თარგმნილია ქართულად კარლო ჯორჯანელის მიერ), აგრეთვე რომანები – „მუცალი“ (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ), „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები – „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. მწერალი ერთბაშად იქნა აღიარებული თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად, მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო გერმანიის ტელევიზიამ, მიიწვიეს გერსვაილერის „ქალაქის მწერლად“ გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით, ლექციების წასაკითხად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში. გივი მარგველაშვილი აგრეთვე ცნობილია, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.
1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.
2011 წლიდან მწერალი თბილისში ცხოვრობდა.
გივი მარგველაშვილის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ შედგა საქართველოს პირველი არხის სტუდია „ეპოქას“ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „უცხო“ (ავტორი და პროდიუსერი ქეთევან სადღობელაშვილი).