55 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი მამუკა ონაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. ონაშვილი ნატახტართან ავარიაში მოყვა. ორი დღე მამუკა ონაშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
მამუკა ონაშვილმა საესტრადო პროფესიული საქმიანობა 1983 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგბენდ „ნიას“ სოლისტად დაიწყო. 1994 წლიდან დაიწყო სოლოკარიერა ქართულ ესტრადაზე. ასევე იყო მუსიკალური შოუპროგრამების წამყვანი.
2001 წლიდან დღემდე მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტ „იუმორინაში“. გამოშვებული აქვს ორი ალბომი – „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეოკლიპი.