92 წლის ასაკში მხატვარი ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე გარდაიცვალა.
ზურაბ ნიჟარაძემ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორი; მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა.
1955 წლიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში (თბილისი), თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (თბილისი), მხატვართა კავშირში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), რიო დე ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში (ბრაზილია), ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (აახენი, გერმანია), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.