გარდაიცვალა კინორეჟისორი მარლენ ხუციევი
გარდაიცვალა კინორეჟისორი მარლენ ხუციევი

94 წლის ასაკში მოსკოვში, კინორეჟისორი მარლენ ხუციევი გარდაიცვალა, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო 16 მარტიდან უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მარლენ ხუციევი დაიბადა 1925 წელს თბილისში. კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ოდესის კინოსტუდიასა და მოსფილმში. მარლენ ხუციევს, ფელიქს მირონერთან ერთად, გადაღებული აქვს სადიპლომო ფილმი „ქალაქთმშენებლები“. რეჟისორის ფილმს „გაზაფხული ზარეჩნაიას ქუჩაზე“, მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალზე 1967 წელს ბრინჯაოს მედალი მიენიჭა. ხუციევის ფილმებია: „ორი თედორე“ (1958), „მე ოცი წლისა ვარ“ (1964), „ივლისის წვიმა“ (1966), „ბოლოსიტყვაობა“ (1983). 1970 წელს გადაიღო მხატვრული ტელეფილმი „მაისის თვე იყო“, რომელსაც მიენიჭა პრემია პრაღის ტელეფილმების VII საერთაშორისო კინოფესტივალზე. მისმა ფილმმა „მე ოცი წლისა ვარ“ მიიღო პრიზები ვენეციისა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.