გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობიან
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს ეცნობიან

ქალაქის პროკურატურაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მივიდნენ. მათი ინფორმაციით, ისინი საქმის მასალებს გაეცნობიან.

რაც შეეხება იმ მასალებს, რომლებსაც გუშინ გაეცნენ, ადვოკატისა და გარდაცვლილის დედის შეფასებით, მედიკამენტებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება.

„გავაგრძელებთ საქმის მასალების გაცნობას, ამავდროულად, მოგეხსენებათ, გუშინ გავეცანი ჩვენებებს. რამაც ყველაზე მეტად დამაინტერესა, არის მწყემსის შვილი, რომელმაც ვითომდა პირველმა აღმოაჩინა ავტომობილი და შემთხვევით შეხვდა მამას, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. რატომღაც ყოველთვის შემთხვევითობით ხდება, მამა შვილს ნახულობს, ოთხი ხუთი დღე მაინც და მაინც იმ ადგილას არ გადაადგილდებოდა მწყემსის ვაჟი თავისი ნახირით და ხუთი დღის შემდეგ გადაადგილდება იმ ადგილას. უნდა გავარკვიო, რატომ ხდება ეს შემთხვევითობები, ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს. როცა საძოვარია, გამორიცხულია, ოთხი-ხუთი დღე არ დადიოდა და აქცია რომ ჩატარდა, პოლიციას უნდა მოეძებნა და არ ეძებდნენ, შემდეგ აღმოჩნდა ავტომობილი.

რაც შეეხება ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, ტოქსიკური ექსპერტიზა იყო შუალედური, ხოლო ქიმიური საბოლოოა. ბოთლის წვეთებში არის მედიკამენტი, რომელიც ორგანიზმშია აღმოჩენილი. ჩემთვის კითხვის ნიშანი აღარაა, რომ აღნიშნული მედიკამენტები ბოთლშია გახსნილი და ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც არ არის აღწერილი ავტომობილში ამოღებულ ნივთებში, ორგანიზმში არის აღმოჩენილი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, რამიშვილმა განმარტა, თუ რატომ არის საეჭვო ბოთლში მედიკამენტის გახსნა.

„იმ აბებს როცა სვამ, წყალს აყოლებ. როდესაც აბების შემადგენლობა აღმოჩენილია ბოთლის წვეთებში, ესეიგი, ბოთლშია გახსნილი. რაც შეეხება იმ აბებს, რომელიც არ მოიძებნა, როგორც მაშინ მე განვაცხადე, შემდეგ გადავამოწმე, სხვადასხვა სახელით აღმოჩნდა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილი ითხოვს საქმის ფიგურანტების დაკითხვას დამაზუსტებელი კითხვებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ მათი მისამართით ზოგადი კითხვებია დასმული.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ადგილობრივებიდან არიან პირები, რომლებიც სხვა რამეს ეუბნებოდნენ გარდაცვლილის მშობლებს, ხოლო გამოძიებისთვის განსხვავებული ჩვენება აქვთ მიცემული.

საეჭვო გარემოებებზე საუბრობს გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილიც.

„ბევრი საეჭვო გარემოებაა და იმიტომ გადავწყვიტე, მოვსულიყავი, არ დავკონკრეტდები, რომ გაირკვევა, შემდეგ ვიტყვი. თუნდაც ამ მედიკამენტებს ვგულისხმობ. იმიტომ გააჭიანურეს, არ იცოდნენ, რა დაეწერათ. რასაც დაწერენ, ყოველთვის მაგათი საწინააღმდეგო იქნება. გაჭიანურების მომენტია, ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რომ შემდეგ მოადუნონ ყურადღება. ახლაც მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას“, – განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.