გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ „ასტრაზენეკა“ იმ ამპულის ნომერს ითხოვს, რომლითაც აცრა გაკეთდა
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპანია „ასტრაზენეკასგან“ წერილი მიიღო.
ვახტანგ ბარამაშვილის განცხადებით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანია იმ ამპულის ნომერს ეკითხება, რომლითაც გარდაცვლილ ექთანს აცრა გაუკეთდა.
ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ გამოძიებას აქვს და თავად ოჯახიც ითხოვს, რომ გადაეცეთ საქმის მასალები, სადაც ამ დეტალებზეა საუბარი. ბარამაშვილის თქმით, ოჯახი ინფორმაციულ ვაკუუმშია და ყველა დოკუმენტაცია არასრულად აქვთ.
„ჩვენთვის გადმოცემული დოკუმენტაციები არასრულია. დღეს კლინიკის დირექტორმა დაგვიდასტურა, რომ გამოძიებას ყველა დოკუმენტი, რაც არსებობს, ამოღებული აქვს. ჩვენ მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ მხოლოდ ის დოკუმენტები ჰქონდათ, რაც გადმოგვცეს. რა კითხვები ექნებათ მეუღლესთან, ზუსტად არ ვიცით. ტიკარაძის განცხადებაში საუბარი იყო როგორც რეგულირების სააგენტოზე, ასევე სამხარაულის ბიუროს დასკვნაზე. ორივე დოკუმენტი უნდა იყოს ცნობილი როგორც გამოძიებისთვის, ასევე ჩვენთვის, თუმცა, ცნობილი აღმოჩნდა ტიკარაძისთვის. რადგან აკეთებს ასეთ განცხადებას. ვვარაუდობ, საფუძველი აქვს, მაგრამ მაშინ არ უნდა ჰქონდეს წვდომა ამ დოკუმენტებზე, როცა ოჯახი ინფორმაციულ ვაკუუმშია. დილით მივიღე წერილი „ასტრაზენეკადან“, რომელიც მზადყოფნას გამოხატავს, ჩაერთოს გამოძიებაში. ითხოვს ჩვენგან დოკუმენტაციას, ეს არის თავად დასკვნა და ლოტის ნომერი, ამპულის, რომლითაც მოხდა ვაქცინაცია. ეს ინფორმაციები გამოძიებას აქვს, ამპულაც ამოღებულია, თუმცა ჩვენ ამაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. გვითხრეს, ამოღებული არ არისო. ჩვენი ინტერესი არ არის, გამოძიების საქმიანობაზე ვიქონიოთ ვარაუდები. ჩვენი ინტერესია, გავერკვეთ სიმართლეში. ის, რომ გამოძიება სუფთად არ მოქმედებს ამ საკითხში, არ გვიცვლის ინფორმაციას და გვატყუებს. ეს კითხვებს აჩენს. ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს სიმართლით. კლინიკიდან არ გვაქვს მეგის წინარე ისტორია ვაქცინაციამდე“, – განაცხადა ადვოკატმა.
ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობაც 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.