გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონს გადასცემენ
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონს გადასცემენ. მათი განცხადებით, ტელეფონი შესაძლოა, მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს. ადვოკატების თქმით, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას ექთნის მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, მეგი ბაქრაძის საქმეზე ადვოკატები ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.
„მეგის გარდაცვალებაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ოჯახზე გადაიარა მოქალაქეების შიშმა, რა შეიძლება მოხდეს ვაქცინაციის შემდეგ. ყველაზე ცუდი მოხდა – ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა შესაძლებლობა, მოხდეს ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება. მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ადამიანის გარდაცვალება უნდა იყოს უკანასკნელი პრობლემა. სწორედ ეს აინტერესებს ოჯახს, გაიგოს სიმართლე. ჩვენ გაწვდით ყველა ფაქტს, ინფორმაციას, იგივეს უნდა აკეთებდეს პროკურატურა. ხუთი დღეა, არ მიგვიღია მათგან ინფორმაცია. მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს გავეცნობით სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს დასკვნებს. უპირველესად, გვეცოდინება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. რამდენიმე დღის წინ მოხდა ვაქცინაციის ზუსტი დროის იდენტიფიცირება. ვაქცინაციის დრო არის 12:30 საათი, როცა რეალურად 13 წუთზე მოხდა. გამოდის, რომ 32 წუთში გაეწია რეანიმატოლოგის დახმარება. ეს ეჭვქვეშ აყენებს დოკუმენტს და ფორმა 100-ს. „ასტრაზენეკას“ სჭირდება გარკვეული დოკუმენტაცია, ეს არის სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან.
მინდა, ასევე ვისაუბრო ახალ მტკიცებულებაზე. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც დღემდე არ ამოუღია გამოძიებას. გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას მის მდგომარეობაზე. მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია არსებობს. ჩვენ ამ მოწმეებს ვერ გამოვკითხავთ. გამოძიებამ უნდა შექმნას სრული სურათი“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.
ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომლის მდგომარეობა 18 მარტს, აცრის შემდეგ დამძიმდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.