გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში 10 საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დაიტბორა
ძლიერი ნალექის შედეგად, გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში ხევის ადიდებამ საცხოვრებელი სახლების დატბორვა გამოიწვია. ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ხევის ადიდების შედეგად, დატბორილია 10 საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო.
წყლის ძლიერი ნაკადის გამო პრობლემები შეიქმნა რუსთავშიც. დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მუშაობას აგრძელებენ მეხანძრე-მაშველები.