გარდაბნის ორ სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დღეიდან დაიწყება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ახალი კორონავირუსის 20 შემთხვევა დაფიქსირდა, დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება.
გარდაბნის მერის, რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, უკვე დაწყებულია სოფელ ყარაჯალის ტესტირება, დღეიდან კი იგეგმება, რომ ტესტირებამ მთლიანი მოსახლეობა მოიცვას. ინფიცირებულთა პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში ცნობილია.
რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სოფლების ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს.
„მთლიანად გარდაბნის მუნიციპალიტეტში არის 20 ინფიცირებული. დაგეგმილია გაფართოებული ტესტირება, უკვე დაწყებული გვაქვს სოფელ ყარაჯალაში და კიდევ გაგრძელდება. პირველ რიგში, აღებული იყო კონტაქტები, ვისთანაც იყო და გადაყვანილნი არიან საკარანტინო სივრცეში. ახლა ვგეგმავთ, რომ მიმდებარედ, სამეზობლო ქუჩების დატესტვა მოხდეს. თავის დაზღვევის მიზნით ალბათ მთელ სოფელს მოუწევს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი. ამ ეტაპზე ჩაკეტვის საშიშროება არ დგას, რადგან სრულად ექვემდებარება კონტროლს. ყველა კონტაქტზე გასულები ვართ და გადაყვანილნი არიან საკარანტინო სივრცეში“, – აცხადებს გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.
ჩაიკეტება თუ არა გარდაბნის ორი სოფელი, ამ საკითხზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დღეს იმსჯელებს.