უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულია „თბილსერვისის“ 200-მდე თანამშრომელი. ისინი დილიდან გარდაბანში კომპანიის შენობის შესასვლელთან არიან შეკრებილი და ხელფასების 300 ლარით ზრდას ითხოვენ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების განმარტებით, ადმინისტრაცია მათ იანვრიდან ხელფასების 20%-ით მომატებას დაჰპირდა, თუმცა ეს დაპირება წერილობით არ გააფორმა.
კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ მსგავსი დაპირება ადმინისტრაციის მხრიდან ჯერ კიდევ მაისში იყო, რომელიც არ შესრულდა, ამიტომ ქარხნის ადმინისტრაციას მხოლოდ სიტყვაზე არ ენდობიან და წერილობით დასტურს ითხოვენ.
გაფიცულებთან ერთად კომპანიის შენობასთან პროფკავშირების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.