განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ.ი. დამნაშავედ ცნო.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
უწყების განმარტებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კ. ი. მისი კუთვნილი ავტომანქანით მივიდა ქალაქ ონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სიტყვიერად დაუპირისპირდა მეზობლად მცხოვრებ ნ. ბ.-ს. მათ შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„კონფლიქტისა და ჩხუბის პროცესში, ნ. ბ.-ს მხრიდან განხორციელებული ძალადობით განაწყენებული კ. ი. მივიდა მისივე ავტომანქანასთან ამოიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით ნ. ბ.-ს რამდენიმეჯერ ჩაარტყა მუცლისა და წელის არეში“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციის თანამშრომლებმა კ. ი. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კ.ი. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ შვიდი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საუბარია ონში, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულზე.