განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დედოფლისწყაროში პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დედოფლისწყაროში ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თავის მეზობელს – 1967 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს.
„პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, დედოფლისწყაროში დააკავა.
დ.ქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალისტია და შემთხვევის დროს ის სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.