განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.თ. დამნაშავედ ცნო.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, საცხოვრებელ სახლში, გ.თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს ვ.კ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით დანა დაარტყა გულმკერდის არეში. მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
„სამართალდამცველებმა გ.თ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.