განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა
ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, კენჭისყრა უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია განვითარებისა და დემოკრატიის (CDD) ინფორმაციაში.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, დაფიქსირდა ერთეული პროცედურული ხასიათის დარღვევები.
„კერძოდ: რეგისტრატორის მიერ საარჩევნო ბიულეტენების წინასწარ გამზადება (ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმება) – ვაკის 02.02.49 საარჩევნო უბანზე; კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (ამომრჩეველმა ბიულეტენი შემოხაზა კენჭისყრის კაბინის გარეთ) – დიდუბის 06.08.27 საარჩევნო უბანზე; მარკირების მქონე ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის მცდელობა – დიდუბის 06.08.27 საარჩევნო უბანზე. თუმცა აღნიშნულმა დარღვევებმა კენჭისყრის პროცესზე გავლენა ვერ მოახდინა. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებს, ხმის მიცემა დასრულდა და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე ძირითადად პროცედურების დაცვით დაიხურა.
ჩვენი დამკვირვებლები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან საარჩევნო ყუთების გახსნის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესს.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების II ტურს, საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტთან (IDEM) პარტნიორობით, ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება. 100 კაციანი ერთობლივი სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღის მონიტორინგს დამკვირვებელთა მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს. მობილური ჯგუფები აკვირდებიან საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, 11 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში“, – აღნიშნულია CDD-ის ინფორმაციაში.