განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისა და ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაიწყო.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად 2019 წელს თაღლითური საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმა „ფორსაჟი” შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ პირამიდის პრინციპით მოქმედებდა.
„თაღლითური პლატფორმის შემქმნელები დაზარალებულებს ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.
2020-2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს.
მოცემულ ფაქტზე, დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირს ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ კომპიუტერული თაღლითობისთვის წარედგინათ.
თანხების მოტყუებით დაუფლების შემდგომ დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემა და ამ მიზნით საქართველოში მოქმედი კომერციული საბანკო დაწესებულებების გამოყენებით მათი ეკონომიკურ ბრუნვაში განთავსება.
აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა, რომელიც პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ასევე, თანხის ნაწილით საქართველოში მდებარე ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები შეიძინა, რითიც უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.
გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაყადაღებულია ბრალდებულის საკუთრებაში არსებული ორ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე, ჯამში, 590 კვ. მ საცხოვრებელი ბინები, 5 ავტოსადგომი და „LEXUS“ მარკის ავტომანქანა, რითიც ბრალდებულს არ მიეცა ქონებების შემდგომი განკარგვის შესაძლებლობა. დანაშაულებრივი გზით მიღებული, დაყადაღებული უძრავ-მოძრავი ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.