განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და პროგრამაში მონაწილე სხვა უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილოს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგო ნაწილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აიქოსისთვის (IQOS) განკუთვნილი ჰითსის (HEETS) ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.