განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ერთი კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.