განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ო. დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ო.დ.-მ საქართველოში რამდენიმე სახის ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა. დაკავებულის პირადი ნივთების ჩხრეკისას 229 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”, ნარკოტიკული საშუალების შემცველი 101 აბი და 9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკია ამოღებული, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო და 116 ნარკორეალიზატორი დააკავა. ამოღებულია: 35 კილოგრამი „ჰეროინი“, 6 კილო და 600 გრამი „კოკაინი“, 12 ათასამდე აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.