განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ცოლ-ქმარს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ცოლ-ქმარს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, ცოლ-ქმარი  მ.ა. და ლ.ს. დამნაშავედ ცნო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, ლ.ს. – 0,94486 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, ხოლო მისი მეუღლე მ.ა. – 2,79087 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.  აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა მათგან 2018 წლის 4 თებერვალს ბათუმში ამოიღეს.

ცოლ-ქმარს ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.