განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით სამეგრელოს პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომი გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.

სამართალდამცველებმა ო.ო. ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 102 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 156 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონია“ ამოღებული.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვა-გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მე-6, მე-7 ნაწილებით, ასევე, 262 -ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.