აქციზური მარკის გარეშე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტი დააკავეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით შეადგენს 13 640 ლარს.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.