განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვის ფაქტზე იმერეთში ორი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული დ. კ. და 1968 წელს დაბადებული თ. ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
„სამართალდამცველებმა დ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება (327 გრამი) – „ჰეროინი“ ამოიღეს.
მეორე ბრალდებულის თ.ლ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ზესტაფონის რაიონის სოფელ წევას ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“-ს შემცველი ფხვნილი ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
ორივე ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.