განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

განგაშის სიგნალის გამო, საფრანგეთის აეროპორტებიდან და ვერსალის სასახლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ლილ-ლესკენის, რენის, ბოვეს, ტარბეს, ნანტის, ბეზიეს, პაუსა და ბრესტის აეროპორტებში ბომბის არსებობის შესახებ გაფრთხილება მიიღეს. მათგან სამიდან – რენის, ტარბესა და ბეზიეს აეროპორტებიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ამ კვირაში უკვე მეხუთედ, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს ვერსალის სასახლიდანაც.

„უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლე ახორციელებს ვიზიტორების ევაკუაციას და გაიხსნება მას შემდეგ, როგორც კი შემოწმებები ჩატარდება“, – ნათქვამია ვერსალის სასახლის „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, საფრანგეთში სხვადასხვა შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გასულ კვირასაც იყო. ამის გამო, ევაკუაცია განხორციელდა ლუვრის მუზეუმიდან და ლიონის მატარებლების სადგურიდან.

საფრანგეთის მთავრობამ 14 ოქტომბერს საფრთხის დონე გაზარდა და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 7 ათასი სამართალდამცავი განათავსა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა 20 წლის მამაკაცმა ერთი მასწავლებელი მოკლა, სამი ადამიანი კი დაჭრა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავდასხმას ანტიტერორისტული პროკურატურა იძიებს.