განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან ხუთი ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომიტეტთან ხუთი ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომლებიც სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებენ.
გივი მიქანაძის თქმით, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა მნიშვნელოვანია საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
„სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე იქნება, ზოგადი განათლების საბჭოს თავმჯდომარე – ბაია კვიციანი, პროფესიულ მიმართულებას მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს, უმაღლესი განათლების საბჭოს მე გავუძღვები, მაია მენაღარიშვილი კი მეცნიერებასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს უხელმძღვანელებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტმა საბჭოების შექმნას და მისი დებულებისა და შემადგენლობის დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.