განათლების სამინისტროში საკადრო საკითხები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი
ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი უკვე განათლების სამინისტროს შეუერთდა და ამ ეტაპზე თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა თანამშრომელი რჩება თავის ადგილზე და საკადრო საკითხი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
„დეპარტამენტი გადმოსულია უკვე ჩვენს სამინისტროში. როგორი იქნება ორგანიზაციული სტრუქტურა და როგორ შეერწყმება ეს მიმართულება განათლების სამინისტროს, ამის შესახებ მალე მოგახსენებთ. ამ ეტაპზე თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. ყველა ადამიანი, რომელიც არის ამ დეპარტამენტში, კიდევ ორი სსიპ-ი, რომელიც ასევე ამ დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია, გადმოდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ანუ ამ ეტაპზე ყველა ეს თანამშრომელი რჩება თავის ადგილზე, მაგრამ საკადრო საკითხი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კითხვაზე – მასწავლებლების განვითარების სქემაში ხომ არ გეგმავს რაიმე ცვლილების შეტანას, ჩხენკელმა განაცხადა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა გაგრძელდება და ის პედაგოგები, რომლებიც ინკლუზიურ განათლებაში არიან ჩართულნი, მათი წინსვლისა და გადამზადების პროგრამას ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა.
„რაც შეეხება სხვა დეტალებს, ყველა საკითხს გავივლი ჩემს კოლეგებთან ერთად. ძალიან მალე გვექნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, საიდანაც ყველა დეტალს შეიტყობთ“, – განაცხადა მინისტრმა.