განათლების სამინისტროში მეცნიერების მიმართულებით სახელმწიფოს ხედვების პრეზენტაცია გაიმართება
განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, სსიპ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ დირექტორ ზვიად გაბისონიასთან ერთად, დღეს საზოგადოებას მეცნიერების მიმართულებით პრეზენტაციას წარუდგენს. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება მეცნიერების პრიორიტეტული მიმართულებების გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.
დღევანდელ შეხვედრას განათლების სამინისტროში სამეცნიერო სფეროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
„განათლების რეფორმა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, შესაბამისად, განათლების რეფორმის ფარგლებში, დღეს მეცნიერების მიმართულებით ჩვენი ხედვების პრეზენტაცია გაიმართება. განათლების მინისტრთან ერთად ჩვენ წარმოვადგენთ ძირითად მიმართულებებს მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით, გავაანალიზებთ, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მეცნიერება და რა არის მისი დაძლევის გზები.
დღეს წარმოვადგენთ იმ ძირითად ხედვას, რომელიც უკავშირდება ქართული მეცნიერების მეტ ინტეგრაციას ევროკავშირის სამეცნიერო სტრუქტურებში, რაც საშუალებას მოგვცემს, საბოლოო ჯამში, მეტი დაფინანსება მოვიპოვოთ“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.