განათლების სამინისტროში ფსიქოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ეკატერინე დგებუაძემ და ირინა აბულაძემ ფსიქოლოგებთან და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას 15 წლის მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების საკითხი წარმოადგენდა.
უწყების ცნობით, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს მოზარდებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
მინისტრის მოადგილეებმა ყურადღება გაამახვილეს სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდთა თვითმკვლელობის პრევენციისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბავშვთა უფლებების საკითხს. ამ მიმართულებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრის მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და დამკვიდრებული სტანდარტები გაუზიარეს.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უწყება საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელშიც ზედმიწევნით იქნება ასახული სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმები.