განათლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის პროფესიული განათლების კუთხით თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
პროფესიული განათლების მასწავლებელთა ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს (WB) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შესაბამის შეთანხმებას ხელი, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის, განათლების მიმართულების კოორდინატორმა, ნინო ქუთათელაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ახალი სისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კორპუსის გაძლიერებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას და მასწავლებელთა დიფერენცირებული ანაზღაურების სქემის დანერგვას.
ირინა აბულაძის განცხადებით, პროფესიული განათლების მიმართულება არის რეფორმის მთავარი პრიორიტეტი და შესაბამისად, სამინისტრო დიდ აქცენტს აკეთებს პროფესიული განათლების მართვის ეფექტიანობასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისივე თქმით, სწორედ ხარისხის ამაღლების ეფექტური გზების მოძიებას ითვალისწინებს ახალი პროექტი, რომელიც რეფორმის განხორციელების ფაზაში, საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების ძირითადი მხარდამჭერი იქნება.
„პროექტის მიმდინარეობისას შესაძლებლობა იქნება ქართველ ექსპერტებთან ერთად, სამუშაოებში საერთაშორისო გლობალური ექსპერტებიც ჩაერთონ, რომლებიც მხარს დაუჭერენ პროექტის განხორციელებას. გარდა ამისა, გვაქვს კარგი პლატფორმა ვუზრუნველყოთ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის, განათლების მიმართულების კოორდინატორმა ნინო ქუთათელაძემ.