განათლების სამინისტროსა და ევროპულ ბიზნესასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ევროპულ ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშილმა და ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარიამ ქუჩულორიამ, მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, მხარეების შეთანხმების თანახმად, ასოციაცია საკონსულტაციო სერვისს გაუწევს კერძო სექტორს, რათა კერძო კომპანიების პროფესიული მოზმადება/გადამზადების სისტემაში ჩართვა გამარტივდეს.
როგორც მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა, ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2019 წლიდან დაიწყო.
მისი განმარტებით, სერვისის მიწოდების პროცესის გამარტივებისათვის სპეციალური ელექტრონული პლატფორმა http://tvet.emis.ge/ შეიქმნა, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერ დაინტერესებულ პროვაიდერს (მათ შორის კერძო სექტორს) შეუძლია, მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვებისათვის განაცხადოს.
ასევე, ელექტრონულად მიმდინარეობს მსმენელთა რეგისტრაცია პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებზე.