განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა ქუთაისის სკოლაში მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ბულინგის შესაძლო ფაქტის შესწავლა დაიწყო
ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი კამპანია მიმდინარეობს.
„სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, ასევე მისი პრევენცია. სწორედ ამიტომ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტზე მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს რეაგირება უმკაცრესი იქნება,“ – აცხადებენ უწყებაში.
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გუშინ სოციალური ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მისი შვილის მიმართ მასწავლებლის მხრიდან ბულინგზე საუბრობს.