განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა და თანამშრომელთა 53 პროცენტი ვაქცინირებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ვაქცინაციის ცენტრში პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა ვაქცინაციას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მაღალი აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული მათგანის პასუხისმგებლობაა, რაც მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი. ინფორმაციას განათლების სმაინისტრო ავრცელებს.
„პროფესიულ სასწავლებლებში ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანიის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. შედეგი სახეზეა – 53%-ზე მეტი ჩვენი პერსონალისა აცრილია. კამპანიის მეორე ეტაპი უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება ვაქცინაციის პროცესში სტუდენტების ჩართვაზე. ჩვენი მიზანია, უახლოეს მომავალში პირისპირ სწავლება უსაფრთხო გარემოში იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
განათლების სამინისტროს ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან აქტიური საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. კამპანიის ფარგლებში, კოლეჯების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან 10-მდე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლები და ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი უძღვებოდნენ. შეხვედრების ფარგლებში 1000-ზე მეტმა მსმენელმა ინტერაქციულ ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის, მოქმედების და მისი მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პროფესიონალების პასუხებზე დაყრდნობით მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ კამპანიის შედეგად კოლეჯების აცრილი თანამშრომლების მაჩვენებელი 33%-დან 53%-მდე გაიზარდა. პროფესიულ სასწავლებლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.