განათლების სამინისტროს ცნობით, უნივერსიტეტებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული და კლინიკური სამუშაოები უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს
პირველი მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშ ი კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის ნაწილობრივ აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია, პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს პირადად გაეცნო და ვირუსის პრევენციისთვის მიღებული უსაფრთხოების ზომები ადგილზე შეაფასა.
მინისტრის მოადგილის თქმით, უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ ყველა სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტს და სტუდენტებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. მან სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები.
როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, სახელოვნებო და სამედიცინო უნივერსიტეტებში პროგრამები დატვირთულია პრაქტიკული კომპონენტით, შესაბამისად, ასეთი პროგრამების ბუნებრივ ფორმატში განხორციელება უმნიშვნელოვანესია.
სასწავლო პროცესის აუდიტორიაში განახლებასთან ერთად სამინისტრომ შრომის ინსპექტირების სამსახურთან უნივერსიტეტების მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პროცესი დაიწყო, რაც სასწავლო წლის ბოლომდე გაგრძელდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. პირველი მარტიდან უნივერსიტეტებს უფლებამოსილება მიეცათ, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. მეორე ეტაპზე, 15 მარტიდან კი,საშუალება ექნებათ, სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ეტაპზე, არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტები სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად იღებენ.