განათლების სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა
ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
განათლების სამინისტროს ცნობით, „კოვიდის“ პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიური ტესტირება გრძელდება.
„ამჯერად, ტესტირება N133 სკოლაში ჩატარდა, სადაც 1 600 მოსწავლის უსაფრთხოება ზედმიწევნით არის დაცული. N133 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად, სკოლა აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით. ამასთანავე, შეზღუდულია სკოლის შენობაში ვიზიტორთა შესვლაც, რათა ბავშვები ყველა გარეშე პირისგან იყვნენ დაცული. N133 სკოლაში ჩატარებული ოთხი ტესტირების შედეგად, ამ დრომდე ვირუსი არავის გამოვლენია. მიკრობიოლოგიური ლაბორატორია „ჰელსილაბის“ წარმომადგენლებმა მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება ამჯერად მეხუთედ ჩაატარეს და როგორც სკოლის ადმინისტრაცია ვარაუდობს, სათანადოდ დაცული ჰიგიენური პირობების გამო, ვირუსი კვლავ არავის დაუდასტურდება“, – აცხადებენ უწყებაში.
სკოლებში სავალდებულო ტესტირება ორკვირიანი ინტერვალით ტარდება. ტესტირება ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით ახორციელებს.