განათლების სამინისტრო - ზუგდიდის მე-6 სკოლაში გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური დარღვევები, სკოლის დირექტორი ამჟამად თანამდებობაზეა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მოქალაქის განცხადების საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, შემოწმების შედეგად გამოვლენილია სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე, სამინისტროს ცნობით, გამოვლინდა შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ.
„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური რეგულარულად აწარმოებს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების საქმიანობის შესწავლას სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის.
რაც შეეხება ზუგდიდისმე-6 საჯარო სკოლას, ინსპექტირების პროცესი, მოქალაქის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით განხორციელდა.
ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. არსებული პროცედურის გათვალისწინებით, დარღვევების შესახებ დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნა სკოლის სამეურვეო საბჭოს.
სკოლის დირექტორის, ია კერზაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ არ მიიღო და ის ამჟამადაც სკოლის მოქმედი დირექტორია.
რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, გამოვლენილია: სკოლის მიერ ქონების მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეფასების განხორციელება არალიცენზირებული აუდიტორული ორგანიზაციის მიერ, შემოსავლის სამსახურისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზეც შემცირდა დასაბეგრი მოგება, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.