განათლების სამინისტრო - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „კოვიდ-19“-ის ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება ნარჩუნდება
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი.
უწყებაში აცხადებენ, რომ სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.
მათივე ინფორმაციით, სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კოვიდ-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით.
„ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების ერთ პროცენტს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში „კოვიდ-19“-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს „კოვიდ-19“-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.