განათლების სამინისტრო - უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის სამწლიანი პროგრამები განახორციელონ
საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე, სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს.
„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას. შედეგად, ყველა უნივერსიტეტის ჩართულობით, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ სხვა პროგრამებსაც შეეხოს ცვლილება და საქართველოში კიდევ უფრო მეტი 180-კრედიტიანი პროგრამა განხორციელდეს.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, განახორციელონ ერთწლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, რექტორებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში იმართება, რაც უზრუნველყოფს რეფორმის ინკლუზიურობასა და უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნული გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულ ფორმატში იქნა მიღებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.