განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მისდამი დაქვემდებარებული სსიპ-ების სივრცეში პოლიტიკური აქტივობები აიკრძალა  
განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მისდამი დაქვემდებარებული სსიპ-ების სივრცეში პოლიტიკური აქტივობები აიკრძალა  

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სსიპ-ებს, მათ შორის დადიანების სასახლეს, 7 აპრილს მინისტრის ავტორობით მიუვიდა წერილი მათ სივრცეში პოლიტიკური აქტივობების გამართვის აკრძალვის შესახებ.

აღნიშნულის თაობაზე განცხადება მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ გააკეთა.

„სამინისტრო ცალსახად აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან უწყებას მსგავსი მითითება, მის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი ორგანიზაციისთვის არ მიუცია. შესაბამისად,  გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტებას“, – განაცხდა ზედგენიძემ.

უწყება განმარტავს, 2019 წლის 3 აპრილს , ისევე როგორც საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნების წინ, სტრუქტურაში დასაქმებულ ყველა საჯარო მოხელეს, დაქვემდებარებულ სსიპ-ებს და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, გაეგზავნათ საინფორმაციო ხასიათის წერილი იმის თაობაზე, რომ 19 მაისს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება არჩევნები და საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უნდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.

„კერძოდ, წერილში, რომელსაც ხელს აწერს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საუბარია საქართველოს საარჩევნო კოდექსზე, რომლის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან, არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების, პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული. ასევე სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს ეკრძალებათ პოლიტიკური პროპაგანდა, საარჩევნო აგიტაცია. აღნიშული შეზღუდვა მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებზე ვრცელდება, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.