საქართველოს განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ თანამშრომლობას იწყებს
ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ თანამშრომლობას იწყებს.
შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა და ფონდის დირექტორმა ანა ალავერდაშვილმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი „ათინათი“ ქართულ კულტურასა და ხელოვნებას პოპულარიზაციას გაუწევს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი მოამზადებს სხვადასხვა შემეცნებით ვიდეორგოლს და სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას განათავსებს მედიაპლატფორმაზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქველმოქმედო ფონდთან „ათინათი“ საგანამანათლებლო მიმართულებითაც ითანამშრომლებს – ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები უკვე განიხილეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ფონდის დამფუძნებელმა ნათია ხუნტუამ.