განათლების სამინისტრო საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ ითანამშრომლებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქველმოქმედო ფონდ „ათინათის“ (Foundation Atinati) დამფუძნებელ ნათია ხუნტუასთან ონლაინშეხვედრა გამართა.
განათლების სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს განათლებისა და კულტურის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.
მათივე ცნობით, მინისტრმა ნათია ხუნტუას პანდემიის პირობებში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტები გააცნო, რომლებმაც ახალი შესაძლებლობები გააჩინა და საინტერესო იდეების გენერირებას შეუწყო ხელი. მიხეილ ჩხენკელი „მაიკროსოფტ თიმსა“ (Microsoft Team) და სხვა ეროვნულ პლატფორმებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ტელესკოლა“, რომელიც სამომავლოდ დარჩება სატელევიზიო სივრცეში და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვან სახეს მიიღებს.
„თავის მხრივ, ნათია ხუნტუამ მინისტრს საქველმოქმედო ფონდ „ათინათის“ მიმდინარე პროექტები გააცნო, რომლებიც განათლებისა და კულტურის მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, საგანმანათლებლო პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლის მიზნით ანიმაციური კურსის შექმნას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი ქართველი სათვისტომოსთვის დიდი შენაძენი იქნება და ახალგაზრდა თაობას ქართული ენის შესწავლას გაუადვილებს. გარდა ამისა, ფონდ „ათინათის“ დამფუძნებელმა კულტურული პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ქართული ისტორიული ძეგლების ვიზუალიზაციასა და უცხოეთში მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა საქველმოქმედო ფონდ „ათინათთან“ სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა, მით უმეტეს, რომ ფონდის კონცეფცია სამინისტროს მიმდინარე პროექტებს თანხვდება. კერძოდ, მინისტრმა გამოყო საქართველოს საჯარო სკოლებში „მაიკროფოტის“ (Microsoft) პროდუქტის „მაინქრაფტ ედუქეიშენ ედიშენის“ (Minecraft Education Edition) დანერგვის საკითხი, რომელიც მომავლის პედაგოგიკაა და ცოდნის თამაშის პროცესში შეძენას გულისხმობს. მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდთან თანამშრომლობით შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად განხორციელებული პროექტის „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“ გაფართოებაც.