საქართველოს განათლების სამინისტრო სახელობითი სტიპენდიების დაწესებას გეგმავს.
როგორც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ განაცხადა, კონკურსი შვიდ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებში გამოცხადდება.
„გვაქვს შვიდი ძირითადი სამეცნიერო მიმართულება. ამ მიმართულებებში გამოვაცხადებთ კონკურსს, რათა შევარჩიოთ სახელობითი სტიპენდიანტები. ისინი წლის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას, რომელსაც ქართველი მეცნიერებისა და მამულიშვილების სახელი დავარქვით. დარწმუნებული ვართ, ამით მთელი ცხოვრება იამაყებენ. წლის განმავლობაში გამოყოფილი იქნება 12 000 ლარი და დაახლოებით 1 000-ლარიან გრანტს მიიღებენ“, – განაცხადა გაბისონიამ.
ამასთან, მისივე თქმით, დაწესდება წლის სამეცნიერო ჯილდო.
„გვინდა გარდა სტიპენდიებისა დავაწესოთ წლის სამეცნიერო ჯილდოები, მაგრამ ეს იქნება ალბათ, ორ წელიწადში ერთხელ და გაზომვის ფაქტორი იქნება წარმატების კოეფიციენტი. გაზომვა მოხდება არა კონკრეტული ადამიანების სამეცნიერო ბიოგრაფიებით, რომლითაც აქამდე ვზომავდით, არამედ კონკრეტული სამეცნიერო მიღწევებით. სამეცნიერო მიღწევებით, რომლითაც მოცემული ორი წლის განმავლობაში საქართველოსთვის ან მსოფლიოსთვის წარმატებული იყო და შექმნა გარკვეული ტიპის სამეცნიერო შედეგები“, – განაცხადა გაბისონიამ.