განათლების სამინისტრო - სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძო სკოლებსაც ეძლევა რეკომენდაცია, 2-მარტიდან 16 მარტამდე არდადეგები გამოაცხადონ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კერძო სკოლებს აძლევს რეკომენდაციას, არდადეგები 2-მარტიდან 16 მარტამდე გამოაცხადონ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო, საჯარო სკოლებში უკვე მიიღეს საგაზაფხულო არდადეგების გამოცხადების გადაწყვეტილება და ის 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, პროფილაქტიკის მიზნით, საჯარო სკოლებში დეზინფექციის ჩატარების გამო, მივიღეთ საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება. არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. რაც შეეხება კერძო სკოლებს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მათაც ეძლევათ არდადეგების 2-მარტიდან 16 მარტამდე გამოცხადების რეკომენდაცია. სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით გადადების საჭიროება და ვადები.
„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.