განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს
საქართველოს განათლების სამინისტრო რეფორმის საჯარო განხილვებს 18 იანვრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, სამინისტრომ განათლების დაანონსებული რეფორმის განხილვის ფარგლებში 10 მოდული შეიმუშავა და საზოგადოებას რიგრიგობით წარუდგენს.
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმის ფარგლებში გადასადგმელი ნაბიჯები ბოლო სამი თვის განმავლობაში შემუშავდა და აღნიშნა, რომ რეფორმის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი, USAID და ათამდე სხვა ორგანიზაცია.
„სამი თვის განმავლობაში შემუშავდა კონკრეტული გეგმები და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც წელს უნდა დავიწყოთ ყველა მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყველა ამ მიმართულებაზე მიიღოს დეტალური ინფორმაცია. ამიტომ გამოვყავით 10 ძირითადი მიმართულება მოდულების სახით და მათ გავაცნობთ საზოგადოებას, რომელიც დაიწყება 18 იანვრიდან და გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
განათლების მინისტრის თქმით, პარასკევს გაიმართება პირველი პანელი, სადაც სამინისტრო სკოლამდელ და ზოგად განათლებაში დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ ისაუბრებს და დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მომდევნო დღეებში კი, წარადგენენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უსაფრთხო სკოლის, ტექნოლოგიებისა და ეროვნული გამოცდების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს. განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ ის საექსპეტრო ჯგუფებიც, რომლებიც ჩართული იყვნენ განათლების რეფორმის შემუშავებაში.
10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:
1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება
2. ინფრასტრუქტურული პროექტები
3. ინოვაცია და ტექნოლოგიები
4. უსაფრთხო სკოლები
5. ეროვნული გამოცდები
6. ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში
7. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი
8. პროფესიული განათლება
9. მეცნიერება
10. განათლების კლასტერები